……როგორია რეალური საქართველო? კარგი თუ ცუდი? ლამაზი თუ მახინჯი? როგორები ვართ ქართველები? მამაცები თუ მხდალები? ტოლერანტი შემწყნარებლები თუ შოვინისტი აგრესორები? რა არის საქართველო? ქრისტიანული სიყვარულის აკვანი თუ ფარისეველი ფუნდამენტალისტი ბარბაროსების სავანე?.. ვინმე ჭკვიანი გამოხტება და მეტყვის რომ არც ერთი და არც მეორე. რომ სადღაც შუაში ვართ გაჩხერილები როგორც ყველა, რომ არც ძალიან ცუდები ვართ არც ძალიან კარგები და რომ ზოგადად ერების ავკარგიანობაზე საუბარი სისულელეა რადგან არ არსებობენ ცუდი და კარგი ერები არამედ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები. გამოხტება და ალბათ მართალიც იქნება მაგრამ…. არც მთლად მასეა საქმე.

დღესდღეობით ხშირად მესმის ხელისუფლების კრიტიკა. ზოგჯერ სამართლიანი ზოგჯერაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და უსამართლო. თუმცა ეს არაა ის რაც მაწუხებს. ამ ბოლო დროს მარტივი დასკვნა გამოვიტანე. ქართველ ხალხს აქვს თანდაყოლილი შეგრძნება იმისა რომ ის საკუთარ ხელისუფლებაზე უკეთესია და უფრო მეტს იმსახურებს. იყო პერიოდი როდესაც მეც ასე ვფიქრობდი. ხო მახსოვს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები იმის შესახებ რომ არც ერთი ერი არაა იმ ხელისუფლებაზე უკეთესის ღირსი ვიდრე თავად დაუმკვიდრებია. მაშინ რატომ ჰგონია ქართველ ერს რომ ის სააკაშვილის მთავრობაზე უკეთესის ღირსია? ვითომ იმიტომ რომ თითქოს გრძნობს ეს მთავრობა მისი დამკვიდრებული არაა??? აბსოლუტური აბსურდია ის ორღობული ინსინუაციები რომ ამერიკელებმა დაგვისვეს მიშა და ასე შემდეგ. ჯერ არსად არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ისე რომ ხელისუფლებაში მოსულიყოს მთავრობა რომელსაც საზოგადოების რაღაც ნაწილის მხარდაჭერა მაინც არ ჰქონოდა. აიღეთ თუნდაც უკრაინა, სადაც იუშენკო იგივენაირი რევოლუციით მოვიდა მაგრამ ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება, აიღეთ ყირგიზეთი სადაც იგივე განმეორდა, აიღეთ ბელორუსია სადაც რევოლუციამდეც კი არ მისულა საქმე. აიღეთ თუნდაც საქართველო. შევარდნაძესაც ჰქონდა მხარდაჭერა მანამ სანამ ის გადააყენეს. მხოლოდ ამ გადაყენების მომენტში გამოჩნდა ის რომ ქართული საზოგადოება უფრო მეტს იმსახურებდა ვიდრე KGB-ს აგენტებით გაჯერებული მინისტრთა კაბინეტი და კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ქვეშ მოქცეული პარლამენტი და ცუციკი პოლიცია იყო. ყველა ეს მაგალითი გვიჩვენებს რომ რევოლუციით მოსული ძალა თუ მას სათანადო ზურგი და მხარდაჭერა არ აქვს დიდ ხანს ვერ გაძლებს ხელისუფლებაში. ზოგჯერ ეს მხარდაჭერა გამოწვეულია წინა მთავრობის დაბალი პოპულარობით, ზოგჯერ კი თავად ახალი პოლიტიკური ძალის კარგი იმიჯით. ნაციონალების შემთხვევაში ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს იდეალურად შეერწყა, წინა მთავრობა სრულიად დისკრედიტირებული იყო ახალი პოლიტიკური ძალა კი მის ფონზე ენერგიულ და იდეალურ ალტერნატივად მოსჩანდა. და ეს მართლაც ასე იყო. 90 იანებში შევარდნაძის მთავრობა იყო ერის სახე. იმ ერის სახე რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკუთარი ქვეყანა გაძარცვა, ჯართად გაიტანა და დაახურდავა, დემოკრატიული ფასეულობების მაგივრად კი კვაზი პოსტ კომუნისტური კორუფციული ურთიერთობები აქცია სახელმწიფოს საფუძვლად. გამოხტება კიდევ ვინმე და იტყვის ხალხმა კი არა ხელისუფლებამ, ნომეკლატურამ და ისევ ყოფილმა კომუნისტებმა დააქციეს ქვეყანაო იტყვის. კი ბატონო ვთქვათ და ასე იყო მაგრამ რატომ მოხდა ეს ჩვენთან და არ მოხდა ბალტიისპირეთის ანაც ცენტრალური ევროპის ქვეყნებში? რომლებიც რაღაც პერიოდი დემოკრატიულად არჩეული კომუნისტური მთავრობის პირობებში სწრაფად ახორციელებდნენ რეფორმებს და ზუსტად 13 წელიწადში ნატოსა და ევროკავშირში შეჯლიგინდნენ. რატომ აღმოჩნდა ისე რომ ჩვენი ნაძირალა კომუნისტებიც კი ლატვიელ, ესტონელ და ლიტველ კომუნისტებზე უფრო საზიზღრები აღმოჩნდენ?….თუ გვგონია რომ ქართველი კომუნისტები ერის ნაწილი არ იყვნენ ????…. KGB მუშაობდაო ვიღაც იტყვის. კი მაგრამ ვისი ხელით მუშაობდა? ისევ ქართველების….რაც კი ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარა საქართველოში ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი იყო კანონზომიერი. ყველაფერი რაც მომხდარა იყო ჩვენი მამების, ბაბუების, ძმების, ბიძების, მეგობრებისა და მეზობლების აქტიური თუ პასიური მოქმედებებით გამოწვეული და განპირობებული. სამწუხაროა მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ქვეყანა საშინელ დღეში ჩავარდეს ჭკვიანთა ნერვების მომშლელი პასიურობისა და სულელების ასევე ჭკუიდან გადამყვანი ჰიპერაქტიურობის გამო. საქართველო არის ქვეყანა სადაც ცბიერმა აქტირუმა ჯაყოებმა ისარგებლეს განათლებული „ინტელექტუალების“ პასიურობით ან ამორალურობით და მოსახლეობის უმწეო გაუნათლებელ ნაწილს ნამუსი ახადეს. და ტრაგედია ისაა რომ ეს სამივე ‘კლასი’ ქართველმა ერმა შობა.

მაგრამ ვინ იცის იქნებ ვაჭარბებ კიდეც. დღეს საბედნიეროდ სიტუაცია შეცვლილია. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულება მაქვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი. ცუდსაც ვხედავ და კარგსაც, ავად თუ კარგად მესმის რა ხდება ქვეყანაში, იმასაც ვხვდები რომ საქმე იდეალურისგან შორსაა, მაგრამ თუკი ვინმე „მიშა წადის !“ ყვირილს დაიწყებს და სათავეში სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლას მოითხოვს მას მხოლოდ ერთ მოთხოვნას წავუყენებ: დამიმტკიცოს რომ საქართველოს მოსახლეობა იმაზე უკეთესს მთავრობას, პარლამენტს, პოლიციასა და ჯარს იმსახურებს ვიდრე დღეს ჰყავს. ძალიან მინდა მოვისმინო ერთი თუნდაც დილეტანტურ დონეზე არგუმენტირებული პასუხი…..და ასეთის მოსმენის შემთხვევაში გავჩუმდები. გამიხარდება კიდეც რომ თურმე მე ვცდებოდი. და დავუბრუნდები იმ ნეტარ აზრს რომ ჩვენ მართლაც ანგელოზი ერი ვართ რომლის უბედურებებიც მისი გაუნათლებლობისა და გულგრილობის კი არა ფატალური უიღბლობის ბრალია.