იყო და არა იყო რა იყო ერთი ყმაწვილი უსაზღვროდ მოცლილი მაგრამ მოუცლელივით სერიოზული. აი ისეთი რა დაბალ თვითშეფასებას საკუთარი პერსონის უზომო ილუზიური სიყვარულით რომ ცვლიან, ხოლო ძველ გრძნობებს კი მხოლოდ მარტო ყოფნისას, გულწრფელი თვითაღსარების დროს რომ იხსენებენ ხოლმე. ასეთებზე ამბობენ ზუსტად ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს სხვასაც ვერ შეიყვარებსო. ხოდა ამ საწყალმა აღარ იცოდა რით გაერთო თავი. აბა რა დალევს ამქვეყნიურ ისეთ წვრილმან საქმეებს რომლებსაც ჩვენი გენიოსი მათი ზედმეტი ‘სიმარტივის’ გამო უკადრისობდა. ეს კიდევ არაფერი განსაკუთრებული, არაორდინალური საქმეების კეთების მანიით რომ ყოფილიყო შეპყრობილი კიდევ ხო მაგრამ ვერ მოგართვით. ყოვლისმოცდნე სიფათს დაკერავდა ხოლმე და გონორით დაიწყებდა ქადაგებას: „დღევანდელ კონსოლიდირებულ სამყაროში სადაც ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, სადაც ყველამ ყველაფერი იცის და ყველას ყველაფერი აქვს ნანახი უნიკალურად ხელშეუხებელი საქმიანობა აღარ არსებობს. დიახთ ამხანაგებო გაუაზრებლად მაგრამ მაინც ჩვენ ყველანი ერთსა და იმავეს ვაკეთებთ, ჩვენ ვართ ზომბები და მე უარს ვაცხადებ ვიყო ამ დამპალი,გახრწნილი სისტემის მორიგი ჭანჭიკი!“. ვერაფერს იტყვი სიზარმაცის ფრიად ორიგინალური გამართლებაა. თუმცა საქმე იმაშია რომ მისი გამართლებები ყველას ფეხებზე ეკიდა. და საერთოდაც არათუ მისი ბრძნული აზრები არამედ თვითონ ისიც ფეხებზე ეკიდა უმრავლესობას. დიდად სოციალურად აქტიური პიროვნება არ გახლდათ, ვერც ადამიანებთან ურთიერთობაში ხედავდა რაიმე სარგებელს. აქაოდა ყველაზე ჭკვიანი მწერლები, მეცნიერები და პოლიტიკოსები უკვე მკვდრები არიან და ნაკლებ განვითარებულ ხალხთან არ ვკადრულობ მე ბჭობასო. იჯდა და იჯდა საათობით თავის ბუნაგში. მოწყენილობისას ოთახის კუთხეში კარგა გვარიანად მოზრდილ ობობას მიუცოცდებოდა, სულს შეუბერავდა და მისი ფართხალით ტკბებოდა. შიგადაშიგ ორგანიზმი გაახსენებდა ხოლმე რომ მწერებთან სათამაშოდ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ზედმეტად ახალგაზრდა მამაკაცია. ასეთ დროს ის უხალისოდ ივიწყებდა საძულველ სისტემას და რეალურ ქსელს ვირტუალურში ცვლიდა სადაც მის მიერვე დაგმობილი ამორალური საიტების მიერ შემოთავაზებულ მრავალფეროვან პროდუქციას ეცნობოდა. ვალ და ღონმიხდილი კი ლოგინზე წამოკოტრიალებული ჭერს მიაშტერებული ცოტას წაუძინებდა კიდეც. ისეც არ იფიქროთ თითქოს სულ წყალწაღებული იყო ზოგჯერ მანდილოსნებიც ყავდა ხოლმე. აი ისეთები რა შეუხედავები ნამეტნავად შესახედავებს რომ თამაშობენ. მის შარმს და ინტელექტს ვერ უძლებდნენ. ნუ აბა როგორია, გაუძლო მზერას როდესაც შენთვის შეიძლება არც არასდროს შემოუხედავთ, და თანაც როცა სისტემასთან მებრძოლი მაჩო თვალს არ გაშორებს… ამასაც სიამოვნებდა, თავი ტარანტულად წარმოედგინა რომელიც მსხვერპლს ქსელში აბამს მერე კი ნელა, ნაზად სულს ხდის. განსაკუთრებით ცრემლმორეული გოგოების სახლიდან გაშვების ცერემონიალი უთბობდა გულს, ტანზე სპეციალურად არ იცვამდა აქაოდა კარების გაღებისას იქნებ მეზობელმა დამინახოსო. აი ასე ატარებდა დროს მანამ სანამ ერთ მშვენიერ დღეს მის კარებზეც არ დააკაკუნეს, და თანაც როგორ დააკაკუნეს. წიხლებით შესდგნენ. ეს სადღაც შუაღამისას მოხდა ტკბილ ძილ ბურანში ჩაძირულს რაღაც ხმაური შემოესმა, კარებზე ატეხილ ბრაგუნზე შეცბუნებულმა ამჯერად იკადრა ტანთ ჩაცმა და ევრო კომისიონერივით შეშფოთებული ელოდებოდა რა მოხდებოდა. ზუსტად 2 წუთისა და 30 წამის შემდეგ ვიღაცის ჩახრენწილი ხმა გაიგონა. სიტყვები ვერ გაარჩია. ისევ 2 წუთისა და 30 წამის შემდეგ კი უკვე გარკვევით გაიგონა ვიღაცამ როგორ თქვა:

” მოვხარშოთ თუ უმად ვჭამოთ?”

“ჩავაბასტურმოთ”

“ხო, ხო მაგარია. თან ამოვიდა ყელში სულ ‘დაკაპჩონება’ რა”

ამის თქმა და კარების შემონგრევა ერთი იყო. ცხვირწინ ორი გავეშებული მუტრუკი აეტუზა მესამე ოდნავ მოგვიანებით შემობარბაცდა ოთახში თან ვეებერთელა თუჯის, “სავეტსკი” ქვაბს მოათრევდა.

“ბლიად რააააა ხო გითხარით წინაზე მე ვანგრევ კარებს და ეს თქვენ ათრიეთ მეთქი. მომწყდა წელი”

“ხო კაი კაი ბევრს ნუ ტლიკინებ გატყავება შენზე იყოს, ხო გინდოდა…” გაოგნებული სისტემასთან მებრძოლი ვერ მიმხვდარიყო ვინ იყო ეს დანა-ჩანგლიან-ქვაბიანი ხალხი ან მის სახლში რატომ მოეთრნენ ან საერთოდაც ბლიად რატომ შემოუმტვრიეს კარები. მთელი სიმამაცე მოიკრიბა და ენა ამოიდგა:

“ამხანაგებო….თქვენ ცოტა შიგ ხომ არა გაქვთ???” – იკითხა ომახიანად და პასუხის მოლოდინში გაინაბა.

“ვააა ზახარიჩ ნახე რა უზრდელი ზაკუსკააა” – გადაიხარხარა ყველაზე დიდმა მუტრუკმა და მაგიდაზე სავარაუდოდ არაყის ბოთლი დადო.

“ენა ჩემია” – თქვა ქვაბიანმა და დიიიიდი ხანჯალი დაააძრო…

All Rights Reserved !!!

To be continued

Advertisements