ესეიგი ამას წინათ ვუყურე „აგვისტოს 5 დღე“ – ს და… მივედი ერთ დასკვნამდე: ფილმი იმდენად პრიმიტიულია და იმ დონეზეა ჰოლივდური კლიშეებით გაჯერებული, რომ არც ხელოვნების ნიმუშად ვარგა და არც პროპაგანდისტულ ნამუშევრად გამოდგება. ეს ფილმი არის ომზე გადაღებული „ამერიკული ნამცხვარი“ და მეტი არაფერი. სასტიკად არ მომეწონა,  არც სცენარი, არც სიუჟეტი, დიდად არც მსახიობების თამაში იყო მაღალ დონეზე (ამაზე დავწრილებით ქვემოთ) და რეჟისურა ხომ საერთოდ კატასტროფაა. მოკლედ რა ჟანრის ფილმი უნდოდა ძვირფას რენის რომ გამოსვლოდა? დრამა? მძაფრსიუჟეტიანი ფილმი? კომედია? Art-house? დოკუმენტური ფილმი? თუ რა ? ფაქტი ერთია, ის რაც მივიღეთ არაფრად ვარგა. რეჟისორის მთავარი შეცდომა ალბათ სწორედ ეს იყო, ბოლომდე არ იცოდა რას იღებდა,  ვითომ სცადა ჩვენში „ბოევიკად“ წოდებული ჟანრის ფილმისთვის რაღაც მგრძნობიარე და სენტიმენტალური ელემენტები შეემატებინა, მაგრამ ეს ელემენტები თავისთავად იმდენად გაცვეთილ-გახუნებული და მილიონჯერ ნანახი აღმოჩნდა რომ უკვე ყელში აქვს ამოსული ყველას. ამიტომაც მივიღეთ ის რაც მივიღეთ. მაგრამ პრობლემა ამაში არაა, სავსებით შესაძლებელია ახალი არაფერი თქვა, მაყურებელი სიახლეებით ვერ გააოცო მაგრამ ეს ისე გააკეთო რომ რაღაც ღირებული მაინც შექმნა. ეს ჩვენი შემთხვევა არ აღმოჩნდა სამწუხაროდ.

ფილმმა რომელსაც ჩემში ემოცია, თანაგრძნობა, გაბრაზება, ტკივილი უნდა გამოეწვია მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოახერხა ჩემი მოვლენებით ოდნავ დაინტერესება და ისიც იმიტომ რომ მე უბრალოდ ქართველი ვარ და მარტო აგვსტოს ომის ხსენება, თუნდაც ასეთ ფილმში, სრულიად ურეაქციოს ვერანაირად ვერ დამტოვებდა.  რას ვგრძნობდი როდესაც ამ შედევრს ვუყურებდი? უხერხულობას. აი დაახლოებით უხერხულობის ისეთი გრძნობა მქონდა როგორიც ტელე შოუ „ნიჭიერის“ სცენაზე უნიჭო მომღერლის გამოსვლისას მეუფლებოდა ხოლმე, თან რომ უთანაგრძნობ გინდა რომ კარგად იმღეროს, მაგრამ იცი და ხვდები რომ უნიჭოა, ეს კი რაღაცნაირად უხერხულ სიტუაციაში გაგდებს და დისკომფორტს გიქმნის. ბოლოს როდესაც არაფერი გამოსდის და დამწუხრებული გადის სცენიდან, შენ კვლავ რამენაირად ცდილობ როგორმე გაამართლო და სადმე ნიჭიერების მარცვალი მაინც იპოვო იმაში რაც ნახე. მეც ვიპოვე ერთი ორი. უპირველესად ეს მიშა გომიაშვილს ეხება. კარგი მსახიობია და ამ ქაოსშიც კი რაღაც ნორმალური შექმნა, მაგრამ სიუჟეტური ხაზი, იმის მაგივრად რომ მის პერსონაჟს გაჰყვეს რომლის განცდებიც ფილმის განვითარებისთვის შეიძლება ითქვას ნამდვილი „Золотое жилоიყო,  ჯიუტად მიჰყვება ამერიკელ ჟურნალისტში რაღაც ხელოვნური მიზეზებით გამოწვეულ ასეთივე ემოციებს. რა აუცილებელი იყო ეს პრიმიტიული მცდელობები დაენახებინა მსოფლიოსთვის რომ რუსებშიც არიან კარგი ვაჟკაცი ბიჭები რომლებიც თავგანწირვას აფასებენ და მტერს სიკვდილის წინ ეამბორებიან, ან რუსი გენერლები რომლებსაც ერთი მუჭა მშვიდობიანი მოსახლებისა და რამოდენიმე სპეცრაზმელის 10 ტანკით გარშემორტყმა სჭირდება იმის მისახვედრად რომ სისხლისღვრა უაზრობაა. და ის პატარა რუსი ბიჭი? მაგ ბიჭზე შერეკილების საფირმო ფრაზა: „ნეტა ის შავი კაცი ვინ იყო?“ არის ზედგამოჭრილი. რა უნდოდა, სად მოხვდა, რას დადიოდა წინ და უკან ვის ესროდა, მოკლედ სრული აბსურდი.  მიუხედავად რუსული აქცენტისა ენდი გარსიამაც კარგად ითამაშა და ფილმის ყველაზე ასატანი კადრები სწორედ მისი და მიშა გომიაშვილის შემოქმედება იყო, ბოლო-ბოლო რაღაც გრძნობები მაინც დავინახე რუპერტ ფრენდი თუ ფრინდისგან განსხვავებით რომლის სახითაც მემგონი ახალი ჩაკ ნორისი შევიძინეთ. ნამდვილად ნიჭიერი ბიჭია, ომით გამოწვეული მრავალფეროვანი გრძნობების გამოხატვა ყოველგვარი გრიმასისა და სახის ნაკვთების მოძრაობის გარეშე შესძლებია.

რასაც ვისმენდი ჩემი კრიტიკის პასუხად იყო ის რომ მე ვარ უგრძნობი ცინიკოსი, შარფიანი ინტელექტუალი (ეს დახასიათება ჩემი ფავორიტია) რომელსაც კრიტიკა უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებს და რომელსაც ქართველი ერის ტკივილი არ ესმის, რომ მე ვარ იდიოტი რადგან ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვანი მოვლენისადმი მაქვს ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება და საერთოდ ამ ფილმის შეფასების უფლებაც კი არ მაქვს მით უმეტეს იმ კრიტერიუმებით რა კრიტერიუმებითაც ყველა სხვა ფილმს ვაფასებ, რადგან ეს არაა ტიპიური გაგებით მხატვრული ფილმი, რომ ის რაღაც უფრო დიად მიზანს ემსახურება და ა.შ. კარგი, მოდით დავუშვათ რომ ეს სიმართლეა მაგრამ საქმე იმაშია რომ როცა ვამბობ ეს ფილმი არაფრად ვარგა მეთქი მე ამას პირდაპირი გაგებით ვგულისხმობ. ის არაფრისთვის არ გამოდგება. მათ შორის არც ვინმეზე გავლენის მოხდენისთვის. მე შეიძლება მესმოდეს რომ ეს არის პროპაგანდა, მაგრამ ყველგან გავიმეორებ რომ ეს არის ყველაზე უაზრო, ყველაზე მდარე ხარისხისა და სახის პროპაგანდა რომელიც კი ოდესმე მინახავს, მას არ მოჰყვება ისეთი შედეგი რაც ჩვენ გვინდა, ის ზოგადად დასავლელი „ობივატელისა“ ანაც ინტელექტუალის ამ კონფლიქტისადმი დამოკიდებულებას ორი მიზეზისდა გამო ვერ შეცვლის. პირველი იმიტომ რომ ჭკვიანი განათლებული ევროპელები და ამერიკელები (ანუ ისინი ვისზეც წესით არის ეს პროპაგანდა გათვლილი), ამ ფილმზე, ან გაიცინებენ ანაც გაბრაზდებიან რომ იდიოტებად მივიჩნევთ და გვგონია ჩვენს ასეთ უნიჭო პროპაგანდას ასე ვთქვათ „ჭამენ“, მეორე კი ის არის რომ მათ ვისზეც ამ ფილმმა შეიძლება იმოქმედოს, კონფლიქტისადმი დამოკიდებულება შეუცვალოს, ანუ ისინი ვინც საკმარისად სულელი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ფილმის გავლენის ქვეშ მოსაქცევად, მათ თავიდანვე, აპრიორი ბოდიში და ახატიათ ეს კონფლიქტიც და მასში მონაწილე მხარეებიც. ის ყველაფერი რაც ფილმშია აღწერილი მართლაც რომ 100 % სიზუსტით მომხდარიყო იმდენად უნიჭოდაა გადმოცემული რეჟისორის მიერ რომ ყველანაირ ძალას კარგავს. გასაგებია რომ ჩვენ აგრესიის მსხვერპლი ვართ, მაგრამ ნუთუ ამის გადმოსაცემად არ შეიძლებოდა რამე უკეთესის გაკეთება ? რაღაც უფრო ღრმა აზროვანი ნამუშევრის შექმნა და არა ყოველგვარ ღრმა გრძნობებს მოკლებული, პროგნოზირებადი არშემდგარი ბლოკბასტერის გადაღება? პასუხი მაქვს მხოლოდ ერთი რა თქმა უნდა კი.  მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ერთი ორი წლის წინ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“-ს მიხედვით გიორგი ოვაშვილმა გადაიღო ფილმი „გაღმა ნაპირი“. მსახიობების სახელებითა და დაფინანსებით ის რენი ჰარლინის პროდუქტთან ახლოსაც ვერ მივა მაგრამ, მთელი მისი უბრალოების მიუხედავად „გაღმა ნაპირი“ ათი თავით უფრო მაღლა დგას ჩემთვის, ყველანაირი გაგებით მათ შორის პროპაგანდისტულითაც. რა საჭირო იყო ომით გამოწვეული გრძნობების ასე გამარტივება და პრიმიტიულად გადმოცემა? რა საჭირო იყო ასეთი ხელოვნური ფილმის გადაღება? როდესაც უფრო გულწრფელი, რეალური და ადამიანური ისტორიის გადმოცემა შეგვეძლო ბევრად უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯებით? (20 მილიონით წარმოდგენაც კი მიჭირს როგორ კარგი რაღაც შეიძლებოდა გამოსულიყო). ვინმეში თუნდაც ქართველებში ეს ფილმი იწვევს იმ გრძნობებთან თუნდაც მიახლოებულ განცდებს რასაც სოხუმის დაცემის კადრებზე აღბეჭდილი, დამწვარი კანცელარიის შენობიდან გამოყვანილი, დატყვევებულ ქართველების საჯაროდ დამცირება და აფხაზების ცეკვა თამაში აღგიძრავთ? მემგონი არა. შეიძლება მართლაც გულქვა ვარ მაგრამ მაშინ „გაღმა ნაპირის“ მუსიკის გაგონებასა და პატარა ელამი ბიჭის დანახვაზე რატომ მაჟრიალებს? იმიტომ, რომ იქ ტკივილი იგრძნობა, ოვაშვილის ფილმი არ ცდილობს ვინმეს რამე თავს მოახვიოს ის უბრალოდ გიტოვებს თავისუფალ სივრცეს და საშუალებას გაძლევს თავად იფიქრო და გაიაზრო რა ხდება სინამდვილეში, დაინტერესდე თემით და საკითხით. რას აკეთებს ჰარლინის ფილმი? დაყენებული ტექსტით გეუბნება რა უნდა იფიქრო, ვინ არის ბოროტი, ვინ არის კეთილი, არანაირი სივრცე საკუთარი აზრებისთვის. ტიპიური პროპაგანდაა, მაგრამ ამასაც გავიგებდი ეს რომ სათანადოდ იყოს გაკეთებული. ამ გრძელი პოსტის დასასრულს კი მხოლოდ ერთ რამეს ვიტყოდი ქართულ-რუსული ომები და დაკარგული ტერიტორიები,იმდენად მტკივნეული თემაა ჩემთვის და ალბათ ბევრი ქართველისთვის რომ ალბათ უკეთესი იქნება თუ მომავალში, სანამ ეს სათუთი საკითხი ვინმეს ხელში აღმოჩნდება და პოლიტიკური ფილმის სიუჟეტს დაედება საფუძვლად, იქნებ მინიმუმ იმაში მაინც დავრწმუნდეთ რომ ამ ხელების პატრონი დიდი ფანტაზიის უნარს თუ არა პროპაგანდის ხელოვნებას მაინც სათანადოდ ფლობს.

Advertisements