ძალიან მიყვარს კინო. შეიძლება ითქვას სიგიჟემდეც კი. ბლოგზე კი კინოს შესახებ თითქმის არაფერი მიწერია ასე რომ ეს ძალიან გრძელი პოსტი ამ ტრადიციის დასარღევად მემგონი გამოდგება. პროფესიონალი კინოკრიტიკოსი ნამდვილად არ ვარ მაგრამ ავად თუ კარგად მესმის ეს საკითხი ამიტომ მემგონი საინტერესო გამოვა. მართალია ზოგს შეიძლება ეს ყველაფერი დროის ფუჭ ხარჯვად მოეჩვენოს მაგრამ ასეთებს ვთხოვ უბრალოდ არ წაიკითხონ ეს უსარგებლო პოსტი და რამე უფრო სერიოზული საქმით დაკავდნენ.

ვისაც კინო ოდნავ მაინც აინტერესებს მინიმუმ ყურს მაინც მოკრავდა კამათს ჰით ლეჯერმა უფრო უკეთ შეასრულა ჯოკერის როლი თუ ჯეკ ნიკოლსონმა. პირადად მე მიუხედავად იმისა რომ ჯეკ ნიკოლსონს ძალიან ძლიერ მსახიობად მივიჩნევ დღემდე დარწმუნებული ვარ რომ ჰით ლეჯერმა „გადაუჯოკრა“. შევეცდები ავხსნა რატომ დაიმსახურა ჰით ლეჯერმა ოსკარი, რატომ აჯობა ნიკოლსონს და ზოგადად რატომაა The Dark Knight კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ეკრანიზაცია.

დავიწყებ მეორე მიზეზიდან რომლის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არის კრისტოფერ ნოლანი და მთლიანად მისი ხედვა თუ როგორი უნდა იყოს „ბეტმენი“ და გოთამი. ანუ ის სამყარო სადაც მოქმედება ხდება. ტიმ ბარტონის ფილმს სადაც ნიკოლსონმა ჯოკერი განასახიერა რა თქმა უნდა თავისებური ხიბლი, სტილი აქვს, მუსიკაც და გოთიკური არქიტექტურაც ოდნავ აბსურდულ მაგრამ მომენტებში მომაჯადოვებელ ატმოსფეროს მართლაც ქმნიან, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მაგრამ ფილმის დადებითი მხარე მემგონი ამის იქით ვეღარ მიდის. მაშინ როცა ნოლანის მიერ შექმნილი სამყარო უფრო რეალურია, უფრო ხელშესახები, გმირებიც უფრო ადამიანური მიზეზებით მოქმედებენ და აბსურდისგან ზუსტად იმ დონეზე არიან დაშორებულები რა დონეზეც კომიქსის გმირები უნდა იყვნენ. კონტექსტი რომელიც რეჟისორებმა შექმნეს მართლაც საინტერესოა მაგრამ ნოლანის მიერ შექმნილი გარემო პერსონაჟებს უფრო რეალურ ცხოვრებასთან აახლოვებს და მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ ქმედებას იმ სიმძაფრეს სძენს რაც ბარტონისას აკლდა. მაგალითისთვის პირველი ფილმის ის სცენაც კმარა სადაც ნიკოლსონის ჯოკერი მერს ბატის ფრთით კლავს და სცენა სადაც ლეჯერი მერის მოკვლის მცდელობისას კომისარ გორდონს იმსხვერპლებს ამ მომენტისგან გასხვავებით, სადაც გორდონის დაჭრით გამოწვეულ გაუგებრობას უფრო ნათლად ვგრძნობთ, პირველ შემთხვევაში მაყურებელს ალბათ არანაირი გრძნობა არ უჩნდება ფაქტის მიმართ, თვითონ ფილმიც ისე გრძლედება თითქოს არაფერი სერიოზული არ მომხდარა, და გოთამის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ გამოშტერებული დაუცველი ცხვრები არიან. ყველა კომიქსი რომ რაღაც დონეზე იდეოლოგიურია ეს გასაგებია, რა თქმა უნდა ბეტმენიც არაა ამას მოკლებული თუმცა იგივე Iron Man ან Spiderman – ისგან განსხვავებით ეს ფილმი არც ერთ მომენტში არ ტოვებს იაფფასიანი აგიტაციის შთაბეჭდილებას, ამერიკის დროშაც ნაკლებად გამაღიზიანებლად ფიგურირებს და აქცენტი უფრო ისეთ საყოველთაო ადამიანურ ფასეულობებსა და მანკიერებებზეა გადატანილი როგორებიცაა სამართლიანობა, თანაგრძნობა, სიხარბე და ამპარტავნება. მოკლედ რომ ვთქვა The Dark Knight რეჟისორის ჩანაფიქრის უმაღლეს დონეზე განხორციელებაა ამას კი ისიც ემატება რომ საინტერესო ჩანაფიქრიც ძალიან თანმიმდევრულად, შესაბამისი ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით აქცევს ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბავს რეალური ადამიანების ტრაგიკულ ისტორიად.

ახლა კი რაც შეეხება ჰით ლეჯერსა და ჯეკ ნიკოლსონს. პირველი რამ რაც ფილმების ყურებისას მხვდება ეს არის მათ მიერ შექმნილი გმირების ერთმანეთისგან რადიკალური განსხვავება. ჯეკ ნიკოლსონის გმირი განგსტერი იყო რომელიც მისი ბოსის გამო ხათაბალაში გაეხვა და რაღაც უცნაური ქიმიური ნივთიერების ქვაბში აღმოჩნდა, ამაზე გამწარებულმა და პლასტიკური ოპერაციის შედეგად კლოუნს დამსგავსებულმა კი შურისძიება გადაწყვიტა. ვერაფერს იტყვი რა თქმა უნდა ეს ამბავი ჯოკერის შესახებ დიდად ღრმა განსჯის საშუალებას არ გვაძლევს. ის ფულზე შეყვარებული განგსტერიდან ბეტმენზე დაგეშილ ჯამბაზად გადაიქცა, რომელსაც ხალხის ქიმიური იარაღით ხოცვა სიამოვნებას ანიჭებს და დიდად აღარც ფულზე ღელავს, მაგრამ ვერ ვხედავთ სერიოზულ მოტივს თუ რატომაა ჯოკერი ისეთი როგორიც არის. ანუ ის სანამ დამახინჯდებოდა მანამდეც კრიმინალი იყო რომელმაც ბრიუს უეინის მშობლები მის თვალწინ მოკლა. ნიკოლსონის ჯოკერი მთელი ფილმის განმავლობაში არასერიოზულად იქცევა, გიჟობს მაგრამ მაინც ისეთი გრძნობა გაქვს მაყურებელს რომ ეს მხოლოდ თამაშია სინამდვილეში მასაც ეშინია რაღაცის ან ვიღაცის. ჰით ლეჯერის ჯოკერი კი სულ სხვა არსებაა.  ნამდვილი ფსიქოპატია,რომელსაც ვერაფრით დაემუქრები ვერაფრით შეაშინებ, თითოეული მიმიკა რომელსაც ლეჯერი იყენებს რაღაცისთვისაა გამიზნული, საშინელი იარების გამო ტუჩების ხშირი გალოკვა, ჩაშავებული თვალები და კლოუნის შემზარავი გრიმი, თითოეული მისი ჟესტი იმაზე მიუთითებს რომ ადამიანს უბრალოდ არაფერი აქვს დასაკარგი და მისთვის მართლაც ყველაფერი სულერთია, უკომპრომისოა, უკან დახევა არ იცის და რაც მთავარია თითქმის დაუმარცხებელია. თანაც ის ადამიანების ფსიქოლოგიას კარგად იცნობს და მათი მძიმე არჩევანის წინაშე დაყენება სიამოვნებს, ნიკოლსონის ჯოკერისგან განსხვავებით ხელოვნების ნიმუშების გაფუჭების მსგავსი წვრილმანი საქმიანობა მას კმაყოფილებას ვერ მიანიჭებს.  ის ცდილობს დაამტკიცოს რომ ბოროტება ადამიანის ბუნების ნაწილია და ის რაც კარგ ადამიანებს ბოროტმოქმედებისგან ანსხვავებს მხოლოდ ერთი ცუდი დღეა. მაფიას ფულს პარავს მერეც აგრძელებს მათთვის ფულის გამოძალვას და უზარმაზარ თანხას უბრალოდ წვავს. როდესაც ტიმ ბარტონის ფილმს ვუყურებდი არ მტოვებდა შეგრძნება რომ ჯოკერს ადრე თუ გვიან მიასიკვდილებდნენ და ამით ყველაფერი მორჩებოდა ნიკოლსონის ჯოკერისთვის სიკვდილი მარცხს ნიშნავდა ლეჯერის ჯოკერისთვის კი სიკვდილი არაფერსაც არ ნიშნავდა. აქ რაღაც უფრო მეტი ხდებოდა ვიდრე ორი საკუთარ თავზე შეყვარებული პიროვნების დაპირისპირებაა. ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლა ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. შედარებისთვის ფილმის ბოლო ნაწილის სცენებიც კმარა. როდესაც ნიკოლსონი ცათამბჯენიდან ძირს ვარდება ის თავგანწირულად ყვირის ისევე როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი. ლეჯერის ჯოკერი კი იგივე სიტუაციაში იცინის. როგორ უნდა დაამარცხო მტერი რომელსაც ვერ შეაშინებ, ვერ ატკენ, მისი მოკვლით კი მხოლოდ მის სიმართლეს დაამტკიცებ ? ერთი ძველი დებილური რეკლამის ტერმინი რომ ვიხმაროთ უნდა დაუმტკიცო რომ ის უბრალოდ ცდება. ეს კი ძალიან ძნელია როდესაც აღმოჩნდება რომ ის ბოლომდე მტყუანი სულაც არ არის. აქ კი მეორე უმთავრესი განსხვავება. ლეჯერის ჯოკერი ბოლომდე არ დამარცხებულა. მან მოახერხა და თავისას მიაღწია, ჰარვი დენტი ჭკუიდან შეშალა და მკვლელად აქცია რამაც ბოლოს ბეტმენი აიძულა დენტის იმიჯისა და ხალხის იმედის გადასარჩენად თავად მოერგო ბოროტმოქმედის როლი.  ძალიან გამიგრძელდა პოსტი ამიტომ დასკვნის სახით ალბათ ამის თქმა შეიძლება. ლეჯერმა მოახერხა და შექმნა ფსიქოპატი კრიმინალური გენიოსის სახე რომელიც ფინანსური მოგების მაგივრად ადამიანთა გრძნობებსა და ნერვებზე თამაშში ეძებს სიამოვნებას მისთვის მთავარია Challenge, ღირსეული მოწინააღმდეგე რომელთან ბრძოლაშის ის კარგად გაერთობა და თანაც საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს. აკი ეუბნება კიდეც ბეტმენს I don’t want to kill you! What would I do without you? Go back to ripping off mob dealers? No, no, NO! No. You… you… complete me.რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითქმის 100 % დარწმუნებული ვარ რომ თუ ოდესმე ვინმე ჯოკერის როლს შეასრულებს მას პირველ რიგში ჰით ლეჯერს შეადარებენ და არა ნიკოლსონს.

Advertisements