90 იან წლებში, გაგანია ენერგო-ფინანსო-კულტურო კრიზისის დროს,  როდესაც სამწუხაროდ თბილისში ცოტა უფრო სხვა საკითხებით იყვნენ დაკავებულნი, მე მეორე არხის, ცოტა უფრო მოგვიანებით კი უკვე „კავკასიის“ მეშვეობით ვერთობოდი. დღევანდელი ‘აქუს’ ტელევიზიის შემყურე ალბათ ძნელად თუ დაიჯერებს ვინმე რომ ოდესღაც შეიძლება ის ბევრად უფრო უკეთესი და საინტერესო ყოფილიყო ვიდრე თუნდაც დღევანდელი „რუსთავი-2“ ან საზოგადოებრივი მაუწყებელი (ეს ჩემი სუბიექტური აზრია). The Beatles-ს, ABBA-ს, Sade-ს და Sting-საც სწორედ ამ არხზე მოვუსმინე პირველად. აქ გავიგე Queen-ის არსებობის შესახებ…არ ვიცოდი რატომ ეცვა იმ ულვაშებიან კაცს ქალის ტანსაცმელი, მაგრამ მუსიკა მომწონდა და სხვა დანარჩენი დიდად არც მაინტერსებდა. იმავე არხზე Pink-Floyd-ის The Wall-ის ყურებისას მქონდა პირველად შეხება ანიმაციის ბნელ, სერიოზულ მხარესთან. გენიალური ჯგუფის მუსიკით გაბრუებულმა, ხორც-საკეპი მანქანისკენ მწყობრად მიმავალი ნიღბიანი ბავშვებიც „კავკასიაზე“ ვნახე, Duran-Duran-ის სევდიანი სიმღერა Come Undone-იც აქ შემიყვარდა და დღემდე ვუსმენ. ბრძოლა წესების გარეშესაც ვუყურებდი. მიხაროდა როცა თეთრ კიმონოში გამოწყობილი პატარა ბრაზილიელი გრეისი დიდ მუტრუკებს მგუდავი,მხუთავი და კიდევ ათასი უბედურება ილეთით ამარცხებდა, აქ „ბუინობდნენ“ ღიპიან-ბლანჟიანი ტანკ ებოტი და რუსი ოლეგ ტაკტაროვი, ძმები კენ და ფრენკ შემროკები…. მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო ბულზისა და კარლ მელოუნის იუტა ჯაზის ფინალურ სერიასაც „კავკასიაზე“ ვუყურე, ხოლო ამ პერიოდში ნანახმა დევიდ ლინჩის Twin Peaks-მა ჩემს მაშინ ჯერ კიდევ ბავშვურ გონებაზე იმდენად ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა რომ ამას სიტყვებით ვერც აღვწერ.

ნუ მოკლედ ближе к делу….ამ დღეებში სადღაც ვნახე ვიდეო, ჯასტინ ბიბერის დაბადების დღის ზეიმის შესახებ. ნუ რა სიტყვებით შეამკეს ეს ვიდეო და მასში გამოჩენილი ბავშვები და არა-ბავშვები ამაზე No Comment. ზოგადად „ბიბერიზაცისაადმი“ მაქვს არაამქვეყნიურად უარყოფითი დამოკიდებულება მაგრამ მეორეს მხრივ გაჩნდა კითხვა რას ერჩით ბავშვებს. მეც დავფიქრდი მართლაც და რას ვერჩით ბავშვებს. სადღაც 5 თვეა საქართველოში არ ვარ და ქართული ტელევიზიის გენიალური რეპერტუარის გავლენის ქვეშ ყოფნა აღარ მიწევს, მაგრამ დავიჯერო ბევრი რამ შეიცვალა ? დამისახელეთ ერთი გადაცემა მაინც (წითელი ზონისა და აჭარის ტელევიზიაზე იყო  ერთი შეხედვით მოსაწყენი მაგრამ საინტერესო გადაცემა „ექსკლუზივი“-ს, რომელიც არ ვიცი კიდევ გადის თუ არა) რომელიც ადამიანის მუსიკალური ან კინო გემოვნების დახვეწაზე დადებით გავლენას ახდენს. შედით პირველი არხის საიტზე და დღის პროგრამა ნახეთ. რამე საინტერესოს თუ იპოვით  სილვენ ბაფის ჯაზ სექსტეტის კონცერტის გარდა მეც გამაგებინეთ.

ასეთ პირობებში რა არჩევანი აქვს ბავშვს ? ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი. საერთოდ ასეთი ტენდენცია არსებობს ტელევიზორს მაშინ უთმობ დიდ დროს როდესაც ინტერნეტი არ გაქვს ხოლო რადიოს მაშინ როდესაც ტელევიზორი არ გაქვს. რადიო აქედან ყველაზე არაპოპულარულია მემგონი. მე პირადად ვერ წარმომიდგენია დღეს რომელიმე ბავშვმა ინტერნეტსა და ტელევიზორს რადიო ამჯობინოს. (ასე რომც არ იყოს მემგონი დიდად არც იქ არის გადასარევი სიტუაცია განსაკუთრებით „არ დაიდარდოს“ გადამკიდე). ტელევიზიაზე უკვე ვთქვით, ხოლო ინტერნეტს რაც შეეხება….შედით Youtube-ზე და შეადარეთ ერთმანეთს High Hopes ვიდეოს მნახველების რაოდენობა Oh Baby-სას. 2 მილიონი 483 მილიონის წინააღმდეგ. არც ესაა კარგი არჩევანი რადგან ინტერნეტია სწორედ ბიბერის პოპულარობის პირველი მიზეზი. აქედან გამომდინარე თუ ბავშვს მუსიკაში გათვითცნობიერებულმა ადამიანმა არ მისცა მიმართულება მაშინ ის აქაც JB-ს ღრმააზროვანი ტექსტებით გაჯერებულ სიმღერებს წააწყდება, ან პორნოგრაფიას, ან Lady Gaga-ს რომელიც ორივე ზემოთხსენებულ თვისებას ითავსებს და ანვითარებს. აქ მიჩნდება უმარტივესი ლოგიკური კითხვა. თუ მე და ჩემი თაობის დიდმა ნაწილმა მოვახერხეთ უგაზობის, უშუქობის, უგზოობის, უკანონობის, უპერსპექტივობის და კიდევ ათასი უ-ობის დროს ავად თუ კარგად გემოვნება ჩამოგვეყალიბებინა, ნეტავ დღევანდელი თაობის გემოვნებაზე საზრუნავად იმაზე მეტი რესურსია საჭირო ვიდრე საწყალ „კავკასიას“ კიდევ უფრო საწყალ 90 იან წლებში ჰქონდა ?!?!?! ამაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია. მე კი ვფიქრობ რომ ადრე თუ ენერგო კრიზისი იყო და ამაზე ვთანხმდებით ყველანი, დღეს იდეების კრიზისია. გამოგველია. ან შეიძლება არც არასოდეს გვქონია.

როცა იდეები გამოგელევა....

Advertisements