ვინ ვარ მე ? ჩემი სახელი და გვარი ალბათ არაფერს გეტყვით. არა, არც უილ სმიტი ვარ რომელმაც რატომღაც ქართული ბლოგის გაკეთება გადაწყვიტა და არც საკუთარ თავზე მაქვს დიდი წარმოდგენა. ვარ სტუდენტი. ვსწავლობ ბელგიაში და დაახლოებით ერთი წელია ბლოგის გაკეთება მინდა, მაგრამ აქამდე სიზარმაცის გამო თავი ვერ მოვაბი. ახლა კი უცებ გადავწყვიტე ეს საშვილიშვილო საქმე დამეწყო და დამესრულებინა. ახლა კი რაც შეეხება, როგორც ქართველი ჟურნალისტები იტყოდნენ პოსტის პროვოკაციულ სათაურს.  Leuven (ადგილი სადაც ცოდნას და სხვა “ნარკოტიკებს” ვეძალები) სუფთა სტუდენტური ქალაქია დაახლოებით 40 ათასი სტუდენტით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შობის პერიოდისთვის ქალაქი თითქმის უკაცრიელდება. ინგლისელმა, ტაივანელმა, უნგრელმა, ირანელმა, ესპანელმა, პოლონელმა, ბერძენმა, სერბმა, სლოვენიელმა და ბელგიელმა მეზობელ-ჯგუფელებმაც  გუდა ნაბადი აიკრეს და სახლებში წავიდნენ.  ხუთ სართულიან სტუდენტურ სახლში თითქმის სრულიად მარტო დავრჩი….ძაღლიც კი არ მყავს. ხოლო მათ კი ვისაც მე არ ვიცნობ უნდა გამოვტყდე რომ ზომბებად ვთვლი. აბა ვინ არის ადამიანი რომელიც ღამის ორ საათზე ცარიელ ტრასაზე წითელზე გაჩერდება და ჯიუტად ელოდება მწვანეს ?….ხოდა ერთ დღეს როდესაც უსაქმურობა ყელში ამომივიდა, დავძლიე ჩემი სიზარმაცე და გავედი ქალაქში სასეირნოდ. რა ვნახე ? წითელზე გაჩერებული მორიგი პატიოსანი, ღვედ-წარბშეკრული მძღოლის მანქანა…. და ტალახიან ყინულში გაჩხერილი მეორე მანქანა. არაფერი უცნაური არ იქნებოდა რომ არა ერთი ფაქტი. მანქანას საწყალი პატარა სიმპათიური გოგონა აწვებოდა ბელგიელი ოყლაყი კი საჭესთან იჯდა და გაზის პედალს ისეთი შეწუხებული სახით აწვებოდა თითქოს მაგაზე საზიზღარი და საშინელი საქმე დედამიწის ზურგზე არ არსებობს.  ნუ 24 დეკემბრის ღამეა შობაა ბოლოს და ბოლოს…. გადავწყვიტე დავეხმარო. ვიფიქრე ალბათ მძღოლი მე რომ დამინახავს ინამუსებს და გადმოვა მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ვაწვებით მე და ეს გოგო მანქანას. თან შეთვალიერებაც მოვასწარი და გულწრფელად, მთელი არსებით, ძალიან, ძალიან, ძალიან დამენანა ეს ქერა ანგელოზი იმ კრეტინისთვის, რომელიც საჭესთან ხმის ამოუღებლად იჯდა. ცოტა ხანში ჩემში ქართველმა ჯიგიტმა გაიღვიძა და ამ გოგოზე შთაბეჭდილების მოხდენა გადავწყვიტე. გაიწიე მეთქი ვანიშნე და მარტო დავუწყე ჯაჯგური არც თუ ისე მსუბუქ, მსუბუქ ავტომობილს. მოკლედ როგორც იქნა სადღაც ათ წუთიანი ჯახირის შემდეგ მანქანა დაიძრა, მეც ამოვისუნთქე. დაღლილი, გასავათებული, ღამით, თოვლში, -7 გრადუსიან ყინვაში ვდგავარ და ისე მცხელა გეგონება გაგანია თბილისური ზაფხულია…. ბიჭმა იკადრა გადმოსვლა მოღუშულმა მადლობა გადამიხადა და ისევ დაუბრუნდა მძღოლის ადგილს აქაოდა არ შემცივდესო. აქ კი მოხდა ის რაც ალბათ არა მხოლოდ ფეხბურთში, (მარტო 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ან ინტერის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება რად ღირს) არამედ ცხოვრებაშიც ხშირად ხდება. მთავარი პრიზი ერგო მას ვინც ამას არაფრის დიდებით არ იმსახურებდა. გოგონამ მადლობა ჰოლანდიურად გადამიხადა, იმ იდიოტს გვერდით მიუჯდა და წავიდა….. რას იზამ ესეთია ნამდვილი ქართველი ჯენტლმენის ბედი. ქერა ანგელოზები მაინც ყოველთვის იდიოტების გვედრით სხდებიან და მიდიან…..სად მიდიან ? აბა მე რა ვიცი. მე ხომ ჯენტლმენი ვარ და არა ორმეტრიანი ხეპრე.

Advertisements